ძებნა
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 

 
RSS Feeds

PostHeaderIcon მოსწავლეთა მიღების წესი

მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა

და შეწყვეტის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ (შემდგომში „სკოლა“) მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითა და სასკოლო სასწავლო გეგმით და შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/ნ ბრძანების, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანების, „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის N98/ნ ბრძანების და განათლების სისტემაში მოქმედი სხვა საკანონმდებლო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა საფუძველზე.

2. წინამდებარე წესი თანაბრად ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლესა და პოტენციურ მოსწავლეზე.

მუხლი 2. მოსწავლის ჩარიცხვის წესი და პროცედურა

1. სკოლაში პირველ კლასში მოსწავლეები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან;

2. სკოლა უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.

3. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

ე) ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

ვ) მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში(ასეთის არსებობის შემთხვევაში));

ზ) კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

4. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

5. მოსწავლის ჩარიცხვა მოხდება მოსწავლესთან და მის წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაფორმებისა და მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველზე.

6. მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღები ადგილების ოდენობას.

7. ადმინისტრაცია ვალდებულია სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი;

8. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დამფუძნებელი/დირექტორი ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

მუხლი 3. მოსწავლის მობილობის წესი

1. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ N 193/ნ ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) მოსწავლის პირადი საქმე;

გ) მიმდინარე შეფასება;

დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

ე) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

ვ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელიამულტიდისციპლინური გუნდის შესაბამისი დასკვნა და დასკვნის საფუძველზე შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;

ზ) ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

თ) მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში(ასეთის არსებობის შემთხვევაში));

ი) კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

კ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში) და მის საფუძველზე შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (არსებობის შემთხვევაში).

2. სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის /ტესტირების საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.

3. სხვა სკოლაში მობილობის მიზნით მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა სკოლას უნდა მომართოს განცხადებით, რომლითაც უნდა მოითხოვოს თავისი შვილის სკოლიდან ამორიცხვა სხვა სკოლაში მობილობის მიზნით და მიუთითოს მიმღები სკოლის დასახელება.

4. სკოლა მიმღები სკოლიდან ელექტრონულ eschool-emis ბაზაში მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, თუ მშობელს უკვე დაწერილი აქვს მობილობის თაობაზე განცხადება, 2 სამუშაო დღის ვადაში ამორიცხავს მოსწავლეს ელექტრონული ბაზიდან და მოსწავლის პირად საქმეს ფოსტის საშუალებით გაუგზავნის მიმღებ სკოლას.

მუხლი 4. კლასისა და საფეხურის დაძლევის წესი და პროცედურა

1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში და არჩევით საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.

2. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში წლიური ქულა აქვს 5-ზე ნაკლები, ინიშნება საშემოდგომო გამოცდა.

4. საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

5. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

6. საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა.

7. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე. საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა.

8. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

9. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

10. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.

მუხლი 5. მოსწავლის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის წესი

1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში,  თუ:

ა)  მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;

ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

გ)  სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე  სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია  განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის,  ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს  რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის  სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში დამრიგებლის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება მოსწავლის სტატუსი და თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი,  რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა გახდა მიზეზი არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვისა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ მიმართავს სოციალურ მუშაკს და იწყებს რეფერირების პროცედურას.

4. მოსწავლეს  ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ბრძანება და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

7. სტატუსის აღდგენა:

7.1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს სკოლას განცხადებით სტატუსის აღდგენის თაობაზე.

7.2. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.

7.3. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.

7.4. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

7.5. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ბრძანების გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 6. მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის წესი

1. სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის შეუფერხებელი მობილობის უზრუნველსაყოფად. 

2. სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო სემესტრი.

3. სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობისთანავე წერილობით გააფრთხილოს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტოს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები.

4. სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.

5. ფინანსური დავალიანების საფუძვლით მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

6. სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აგრეთვე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი სწავლის საფასური (არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 7. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი

1. სკოლა მზაობას აცხადებს მიიღოს უცხოელი მოსწავლეები. აღნიშნული მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვა განხორციელდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შედეგად. კერძოდ:

1.1. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე სკოლა მოახდენს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის დადგენას, შეფასებების კონვერტაციას და შეადგენს აღიარების დასკვნას.

1.2. სკოლის მიერ დასკვნის შედგენის შემდეგ, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს განცხადებით. ცენტრიდან მოსული აღიარების დოკუმენტის შესაბამისად, სკოლა ჩარიცხავს მოსწავლეს ან აღუდგენს მოსწავლის სტატუსს.

1.3. იმ პირების განათლების აღიარების მიზნით, რომლებიც ვერ ახერხებენ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დადასტურებას, ცენტრი ატარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას და შედეგებს აცნობებს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც გააგრძელა პირმა სწავლა. თუ ადმ. წარმოების შედეგად ვერ დადასტურდა პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტი ან შესაბამისობა კონკრეტულ საგნებთან, პირი უფლებამოსილია საგნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიოს ინდივიდუალური გეგმით ან ექსტერნატის ფორმით.

1.4. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.

2. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს სკოლას სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. სკოლა გამოსცემს ბრძანებას მოსწავლის სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესახებ და უზრუნველყოფს მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობას, განმსაზღვრელი შეფასების გარეშე. ამ დროს, მშობელთან შეთანხმების საფუძველზე, მოსწავლე არ არის ვალდებული თანაკლასელების მსგავსად სკოლაში დადიოდეს საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად. ადაპტირებისა და სოციალიზაციის მიზნით სკოლა აკეთებს ყველაფერს, რათა დაცული იყოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესები.

3. პირი სკოლაში ირიცხება განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან, მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში.

4. პირი უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით.

5. არაქართულენოვანი მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესადგენად, პირველ რიგში, მოხდება მოსწავლესთან გასაუბრება. შემდგომ მისი ასაკისა და შესაძლებლობლების გათვალისწინებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა. ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესი განხორციელდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული საჭიროების შესაბამისად.

6. ინდივიდუალურ გეგმაში მასწავლებელმა უნდა გაწეროს საგნის/საგნების მისაღწევი შედეგების გრაფიკი, ხოლო ინდივიდუალური გეგმის დაძლევის შეფასების ინსტრუმენტი განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით (ტესტი, ზეპირი გამოცდ, კომპლექსური დავალება და სხვა).

7. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში, გარდა მოსწავლისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და მიზნის მიღწევის ვადებისა, განისაზღვრება შემდეგი: მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა.

8. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა ვერ შეძლო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნის/საგნების, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ან ექსტერნატის ფორმით დაძლევა სასწავლო წლის დასრულებამდე, სკოლა არ არის უფლებამოსილი მოსწავლე გადაიყვანოს მომდევნო კლასში.

9. სკოლას შემუშავებული აქვს შემდეგი რეკომენდაციები, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი საგანმანათლებლო თავსებადობის დადგენის საკითხებთან დაკავშირებით:

9.1. მოსწავლის მშობლის / კანონიერი წამომადგენლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის გაცნობა - დამუშავება.

9.2. მოსწავლესთან გასაუბრება და მოსწავლის განაწილება შესაბამის ასაკობრივ კლასში.

9.3. გადაწყვეტილების მიღება საგნების დაძლევასთან დაკავშირებით: ისგ თუ ექსტერნატის ფორმა;

9.4. ისგ-ს შედგენა (იმ შემთხვევაში, თუ საგნების დაძლევა განისაზღვრება ინდ. გეგმით) ან ექსტერნის გამოცდა.

9.5. მოსწავლის აკადემიური მოსწრების მონიტორინგი (ისგ-ს მიხედვით).

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე წესს შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

2. წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 
სკოლის შესახებ მოსწავლეთა მიღების წესი